წყალტუბოში საცხოვრებლით 560 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება
წყალტუბოში საცხოვრებლით 560 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის რვა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი. პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილებს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდებათ და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლებში იცხოვრებენ“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან, გრიგოლ იოსელიანთან ერთად დაათვალიერა.

პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება. ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები. გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

წყალტუბოს გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ზუგდიდსა და ქუთაისში ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2019-2020 წლებში 145 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით ჯამში 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება.

დატოვე კომენტარი