წყალტუბოში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე ყოფილ პროკურორს ბრალდება წარედგინა
წყალტუბოში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე ყოფილ პროკურორს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს ბრალი წარედგინა მოქალაქე გ.მ-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში აცხადებენ.

„გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ-მ, მოქალაქე თ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა.

ბრალდების მხარე გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გ.შ.-ს მიმართ მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.