წყალტუბოში ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო
წყალტუბოში ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი პროექტი დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი საერთაშორისო პროექტის რეალიზაცია დაიწყო. პროექტის „თანამშრომლობა მწვანე გარემოსთვის“ პრეზენტაცია დღეს გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის დახმარებისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო პროექტის პრეზენტაცია იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ თავმჯდომარემ ქეთევან ცხაკიამ გამართა. როგორც აღინიშნა, პროექტის ფარგლებში იგეგმება ნაგავმზიდისა და სეპარირებისთვის საჭირო 60-მდე კონტეინერის შეძენა, 10 მცირე ზომის საკომპოსტე მოედნის მოწყობა, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების დანერგვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დიდ სოფლებში და სეპარირებული შეგროვების განვითარება ტურისტულ ობიექტებზე.

პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით. მისი წამყვანი პარტნიორი წყალტუბოს მუნიციპალიტეტია. მონაწილეობენ – სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის წარმომადგენლები და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 780 701.00 ევრო, აქედან გრანტი – 718 244.92 ევროა.

დატოვე კომენტარი