წყალტუბოში არასრულწლოვანზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს
წყალტუბოში არასრულწლოვანზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს

წყალტუბოში მცხოვრები ნანა ჩირგაძე პოლიციას შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 10 მარტს არასრულწლოვანი სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და სიგარეტით ხელი ამოწვეს.

პირველ არხთან საუბარში ნანა ჩირგვაძე აცხადებს, რომ ნიკა შვანგირაძეს ქურდობის მცდელობისთვის პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი.​ დაკავებულის დედის თქმით, შვანგირაძეს პოლიციელები თანამშრომლობას და სხვა პირების დასახელებას სთხოვდნენ, რა დროსაც სცემეს და წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.

ნანა ჩირგაძის განცხადებით, 17 წლის ბიჭს სახესა და მუხლებზე დაზიანებები აღენიშნება და ამჟამად ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც დაკავებულის დედა ამბობს, მის შვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ნიკა შვანგირაძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.

ნანა ჩიორგაძის თქმით, ნიკა შვანგირაძესთან ერთად პოლიციელის შეურაცხყოფისთვის მისი სამი მეგობარიც დააკავეს, თუმცა მათ სამი დღის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა და გაათავისუფლა.

არასრულწლოვანზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-ს გენერალური ინსპექციისთვის ცნობილია და უკვე დაწყებულია შესწავლა.