წყალტუბოში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის შესაძლებლობას სწავლობენ #1TVSPORT
წყალტუბოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს და არაა გამორიცხული, მალე ახალი საფეხბურთო ობიექტები აშენდეს – ინფორმაციას „სამგურალის“ პრესსამსახური ავრცელებს.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არსებული საჭიროებების გასაცნობად წყალტუბოში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, მათ წყალტუბოში არსებული საფეხბურთო სტადიონები დაათვალიერეს და დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზეც იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს „სამგურალის“ პრეზიდენტი მიხეილ იაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი თედო ფესტვენიძე“, – წერია „სამგურალის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, საუბარია „26 მაისის“ სტადიონთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე ახალ, წმინდა საფეხბურთო სტადიონის აშენებაზე, რომელიც დაახლოებით 5 ათას მაყურებელს დაიტევს და საერთაშორისო შეხვედრებს უმასპინძლებს. თუმცა პროექტი ჯერ დასამტკიცებელია.