წყალტუბოში 13-მდე გაიზარდა სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ პანდემიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ
წყალტუბოში 13-მდე გაიზარდა სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ პანდემიურ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ

წყალტუბოში სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ პანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, 13-მდე გაიზარდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნული სასტუმროების მეპატრონეებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის რეგიონის უფროსი გოჩა გიორგიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოტე გვეტაძე შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდა მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი.

სასტუმროების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები და მასთან მიმართებაში საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციები. ყურადღება გამახვილდა სოციალური დისტანციის დაცვაზე, დეზინფექციის წესებსა და სხვა აუცილებელ მოთხოვნებზე.
განიხილეს უცხოელი ტურისტების მიღებისას არსებული რეგულაციები და ახალი რეკომენდაციები.

წყალტუბოში არსებული სასტუმროები საერთაშორისო ვიზიტორებს იღებდნენ უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან.