წყალტუბოს სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა
წყალტუბოს სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობამ აქცია გამართა. ე.წ. სვანების დასახლების მცხოვრებლები სოფელში არსებულ პრობლემებს და ხელისუფლების უყურადღებობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სოფლის გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთი დაზიანებულია და გადაადგილების პრობლემა აქვთ. როგორც მოსახლეობა განმარტავს, გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

„გვპირდებიან ყოველი არჩევნების წინ, რომ გზას შეაკეთებენ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. დასახლებას გზა არ აქვს, ავტობუსი არ დადის და ტაქსი წამოყვანაზე უარს გვეუბნება. სასწრაფო დაგვიანებით მოდის. ამასთან, ბავშვებს სტადიონიც არ აქვთ. ვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება და გზა მაინც შეაკეთონ, რომ ქალაქამდე მისვლა შევძლოთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ბენია გიორხელიძემ.

მათი თქმით, დასახლებას ასევე სანიაღვრეებისა და კანალიზაციის პრობლემა აქვს და წვიმის დროს წყალი სახლში შედის.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსის იონა ჯოჯუას თქმით, მაღლაკში, სვანების დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება, რის შემდეგაც უშუალოდ რეაბილიტაციაზე გამოცხადდება ტენდერი. სამუშაოებისთვის ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი და გზასთან ერთად სანიაღვრეების რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. მისი ვარაუდით, ზამთრის სეზონის გამო სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.

დატოვე კომენტარი