წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე - პირი, რომელიც ირანელ ინვესტორად გამეცნო, მაწანწალა აფერისტია
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე - პირი, რომელიც ირანელ ინვესტორად გამეცნო, მაწანწალა აფერისტია

პირი, რომელიც ირანელ ინვესტორად გამეცნო, არის მაწანწალა აფერისტი და ის არ არის ინვესტორი, – ამის შესახებ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ივანეიშვილმა ჩვენების მიცემისას თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა და მიუთითა, რომ ის პროვოცირებული დანაშაულის და შეთქმულების მსხვერპლია.

საუბარია საქმის ფიგურანტ ირანელ ინვესტორზე, რომლისგანაც გამოძიების მტკიცებით, ივანეიშვილმა წტალტუბოს საკრებულოს შენობის აუქციონზე წინასწარი შეთანხმებით და სასურველი პირობებით გატანის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ქრთამი აიღო.

„მოვა დრო, ეს ყველაფერი დადასტურდება. ეს ადამიანი არ იყო ინვესტორი. მე ამას დავადასტურებ“, – განაცხადა ივანეიშვილმა. ბრალდებულის თქმით, ის უდანაშაულოა, ქრთამთან შეხება არასოდეს ჰქონია, მაშინაც კი, როდესაც ხელფასი 40 ლარი ჰქონდა.

გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად ასევე დაკავებულია ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.

ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი წყალტუბოში, შანიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა.

„დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს”, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კოდექსის მიხედვით, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.