წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მის წინააღმდეგ საქმეს მოდელირებულს უწოდებს
წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი მის წინააღმდეგ საქმეს მოდელირებულს უწოდებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე სწორედ ბრალდებული იკითხება. გრიგოლ ივანეიშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში, რის საფუძველზეც 2019 წლის დასაწყისში, საკრებულოს სხდომაზე დააკავეს.

გრიგოლ ივანეიშვილი მის წინააღმდეგ საქმეს მოდელირებულს უწოდებს და საქმის „მოდელირებაში“ სუს-ის გარდა, წყალტუბოს მერს, გია იოსელიანს ადანაშაულებს.

„მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი წელი ვიმუშავე იმისათვის, რომ ჩემი ქალაქისთვის რამე კარგი გამეკეთებინა. 25 წელია ბიზნესში ვარ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე ვაღწევდი მიზანს. წყალტუბოში დავაარსე უმაღლესი სასწავლებელი, ასევე კოლეჯი. არც ერთი წელი არ გასულა ისე, რომ არაფერი გამეკეთებინა. მათ შორის ინვესტიცია ჩავდე 47 ათას კვადრატულ მეტრზე ტურისტული ზონის პროექტში.
ალბათ, მოვა იმის დროც, როდესაც თავიდან მომიწევს რაღაცის გაკეთება.

ჩემ წინააღმდეგ სუს-ის სპეცოპერაციას თავისი მიზეზები და წინაპირობა აქვს. ეს მანამდე დაიგეგმა, ვიდრე წყალტუბოს საკრებულოს შენობაზე აუქციონი გამოცხადდებოდა. მგონია, რომ სუს-ი იმაზე მეტად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ვიდრე ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს.
წყალტუბოს მერს, გია იოსელიანს ველაპარაკე 24 დეკემბერს საკრებულოს სხდომის შემდეგ. იმავე დღეს, ჩემთან საუბრიდან ნახევარ საათში, დაწერა ბრძანება ობიექტის აუქციონზე გატანის თაობაზე. 25 დეკემბერს სუს-ის წარმომადგენელი წერს გამომძიებელს, რომ მე მერს დავუკავშირდი და დანაშაული დავგეგმე, დაჩქარებული წესით შენობის აუქციონზე გატანაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებთან დაკავშირებით. მთელი ეს აუქციონის თემა იყო მოდელირებული, რაშიც ჩართული იყო გია იოსელიანი“, – განაცხადა გრიგოლ ივანეიშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.

ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი წყალტუბოში, შანიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა.

„დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს”, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კოდექსის მიხედვით, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.