წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 43-მა მოქალაქემ დატოვა
წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 43-მა მოქალაქემ დატოვა

იმერეთის რეგიონში, წყალტუბოში, სასტუმრო „ლეჯენდსში“ მოწყობილი საკარანტინო სივრცე 43-მა მოქალაქემ დატოვა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 14-დღიანი საკარანტინო პერიოდის განმავლობაში ექიმთა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ და ოჯახებს ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ.

„თითოეულმა მათგანმა საკარანტინო სივრცის დატოვებამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. მათი ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორგანიზებას უწევს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საკარანტინო სივრცეების ორგანიზებას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში ამჟამად 4702 ადამიანი იმყოფება, რომლებიც 83 სასტუმროში არსებულ საკარანტინო სივრცეებში არიან განთავსებული. კარანტინის ვადა სულ 14 199 ადამიანს დაუსრულდა.