წყალტუბოს ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება
წყალტუბოს ქალაქმშენებლობითი გეგმების შემუშავებაზე კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წყალტუბოს კომპლექსური განვითარების მიზნით, ქალაქმშენებლობითი გეგმები შემუშავდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმები აუცილებელია კურორტის ქაოსური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, მისი იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. უწყება აცხადებს, რომ ამის შედეგად ქალაქი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი გახდება.

დოკუმენტაციის შემუშავებას უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საპროექტო მომსახურების მიმწოდებლის შესარჩევად კი, კონკურსი წლის ბოლომდე გამოცხადდება.

2020 წლის იანვრის ბოლოს სამინისტრო განიხილავს პრეტენდენტებისგან მიღებულ წინადადებებს და გამოავლენს გამარჯვებულს. გეგმების შემუშავებისთვის დადგენილია რვა თვე. პირველ ეტაპზე, ხელშეკრულების დადებიდან დაახლოებით ორ თვეში, წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე, განისაზღვრება კურორტის ცენტრალურ ნაწილში არსებული საინვესტიციო ობიექტების განვითარების პარამეტრები. ეს შესაძლებლობას მისცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შესაბამისი პირობებით, საპრივატიზაციოდ მოამზადოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გასასხვისებელი ობიექტები.

სამუშაოთა პირველსავე ფაზაში, გენგეგმის საჯარო განხილვების პარალელურად, დაზუსტდება საპრივატიზაციო ობიექტების რეკონსტრუქციისა და ახალი მშენებლობების მიზანშეწონილობა.

ქალაქმშენებლობითი გეგმები, ერთი მხრივ, კურორტს შეუნარჩუნებს ისტორიულ ღირებულებას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის განვითარებას. ასევე, კომპლექსურად გაანალიზდება წყალტუბოს მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.