წყალმომარაგების კომპანია - ზუგდიდში წყლისა და წყალარინების ყველა პროექტი შეუფერხებლად გრძელდება
წყალმომარაგების კომპანია - ზუგდიდში წყლისა და წყალარინების ყველა პროექტი შეუფერხებლად გრძელდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს.

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ზუგდიდში ყველა პროექტი – წყალმომარაგების სისტემის, წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის, ზუგდიდში სამი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი გვაქვს. მშენებლობა ყველა ობიექტზე შეუფერხებლად, უსაფრთხოების წესის დაცვით გრძელდება. დაახლოებით 220 მილიონ ლარამდე საერთაშორისო ინვესტიცია განვახორციელეთ, რათა მალე ქალაქი სრულად გადავიყვანოთ 24-საათიან წყალმომარაგებაზე და წყალარინების გამართული სისტემით უზრუნველვყოთ. წყლის სისტემის მშენებლობის ძირითადი ნაწილი უკვე დასკვნით ფაზაშია. ამ დროისთვის, ქალაქის 15 000-მდე აბონენტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა, ახალი ქსელი ოჯახებამდე მიყვანილია და მიმდინარეობს დარჩენილი 3 000 ოჯახის გამრიცხველიანება, რის შემდეგაც უკვე ზუგდიდი გადავა უწყვეტ წყალმომარაგებაზე. გარდა ამისა, წელს ქალაქს ექნება წყალარინების ახალი ქსელი და გამწმენდი ნაგებობა“, -განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.

გიგა მანდარიას თქმით, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები, ასევე წყალმომარაგების კომპანიის მშენებლობის ზედამხედველობის დეპარტამენტი და შესაბამისი სამსახურები, პროექტების მიმდინარეობას სისტემურად უწევენ მონიტორინგს, რათა ობიექტებზე კონტრაქტორების მხრიდან მაქსიმალურად იყოს დაცული დაწესებული რეკომენდაციები.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

დატოვე კომენტარი