წყალმომარაგების კომპანია - გუდაურში, „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა
წყალმომარაგების კომპანია - გუდაურში, „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა

გუდაურში, „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, დასახლების წყალმომარაგების შეფერხება დღეს, 200 მილიმეტრიანი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის სისტემის დაზიანების აღმოსაფხვრელად მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ. სათავო ნაგებობის წყლის მარაგის შესავსებად დამატებითი მილის გაყვანის და წნევის რეგულირების სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოების განხორციელებას ართულებდა ღამის საათებში გაუარესებული კლიმატური პირობები. დღის განმავლობაში „რედკოს დასახლების“ 5 კორპუსის ავზების წყლით შევსება კომპანიის სპეციალური დიდ ტონიანი ცისტერნებითა და სახანძრო მანქანების საშუალებით ხდებოდა. დანარჩენი 3 კორპუსის მომარაგება წყლით ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან ეს კორპუსები არ არიან უზრუნველყოფილნი წყლის ავზებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ბაკურიანს, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია, როგორც სახანძრო, ისე კომპანიის ცისტერნები.

„ტექნიკის ნაწილით წყლით მუდმივად მარაგდება ის სასტუმროები, რომლებსაც გააჩნიათ ავზები, ნაწილით კი ხდება სათავე რეზერვუარის შევსება. ბაკურიანში წყალმომარაგების მხრივ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“,- აცხადებენ  წყალმომარაგების კომპანიაში.