წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი განახლდა - ჩემპიონთა ლიგას შესაძლოა თბილისმა უმასპინძლოს
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი განახლდა - ჩემპიონთა ლიგას შესაძლოა თბილისმა უმასპინძლოს

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი განახლდა. იძულებითი პაუზა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებით იყო გამოწვეული.

სპორტკომპლექს „ოლიმპიკში“ მიმდინარე ჩემპიონატის დასკვნით ტურში ექვსი გუნდი მონაწილეობს. გამარჯვებული 22 ნოემბრიდან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ევროპის 12 საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება და შეჯიბრში 11 ნოემბრიდან ჩაერთვება, ჯგუფების 4-4 საუკეთესო კი, რვათა ფინალში გავა და 4-6 ივნისს ჩემპიონობისთვის ჰანოვერში (გერმანია) იბრძოლებს.

საქართველოს პირველ არხს საწყალოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციაში განუცხადეს, რომ ევროპული წყალბურთის მმართველ ორგანიზაციაში ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფური ეტაპის თბილისში გამართვაზე ფიქრობენ, რადგან საქართველოში კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

საქართველოს ჩემპიონობისთვის თბილისის „დინამო“ და „თბილისი“ იბრძვიან. მათი შეხვედრა პირველობის დასკვნით დღეს, 15 აგვისტოს გაიმართება და ქვეყნის ჩემპიონი გამოვლინდება.

„კარგია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩემპიონატი განვაახლეთ, რომლის გამარჯვებულიც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. „ლენი“ (ევროპის წყალბურთის საერთაშორისო ასოციაცია) განიხილავს ვარიანტს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი თბილისში გაიმართოს, რადგან პანდემიის პერიოდში ჩვენი ქვეყანა ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოხვდა“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით რურუამ.