წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალში სერბეთი და ესპანეთი ითამაშებენ

10:16, 27.07.2018

ბარსელონაში მიმდინარე ევროპის საწყალბურთო პირველობაზე ნახევარფინალური მატჩები გაიმართა და ორივე თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სერბეთსა და ხორვატიას შორის დაპირისპირებას, სპორტულის გარდა, პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს ხოლმე, რამაც ამჯერადაც დამატებითი ინტრიგა შესძინა ყოფილი იუგოსლავიის ორ რესპუბლიკას შორის შეხვედრას.

საბოლოოდ მატჩი სერბების გამარჯვებით, 9-7 დასრულდა და ფინალში ისინი ტურნირის მასპინძელ ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

ესპანელებმა, თავის მხრივ, ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, იტალია დაამარცხეს და ფინალში გამარჯვების შემთხვევაში ისტორიაში პირველად გახდებიან ევროპის ჩემპიონები.

რაც შეეხება სერბეთს, ეს გუნდი ბოლო სამი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და 28 ივლისს ზედიზედ მეოთხედ შეეცდება ამ წარმატების გამეორებას.

მსგავსი