წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგას განახლებული შემადგენლობით იწყებს #1TVSPORT
წყალბურთის კლუბი „დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება. გუნდი პირველ შეხვედრას 15 ნოემბერს, 18:50-ზე საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ გამართავს, სადაც „დინამო თბილისი“ „ბარსელონეტას“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს. „დინამო“ ამჯერად A ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად „პრო რეკო“ (იტალია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ჰანოვერი“ (გერმანია), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) და B და D საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები ეყოლება.

საკვალიფიკაციო თამაშები სწორედ დღეს დაიწყო და ჩვენთვის საინტერესო ჯგუფები ასეა დაკომპლექტებული: A – „სავონა“ (იტალია), „გალათასარაი“ (თურქეთი), „ორადეა“ (რუმინეთი), „თელ-ავივი“ (ისრაელი); D – „ტურკუანი“ (საფრანგეთი), „პანიონიოსი“ (საბერძნეთი), „გიმარაეში“ (პორტუგალია), „ბანია ლუკა“ (ბოსნია-ჰერცეგოვინა), „კასტრუპი“ (დანია).
გუნდის შემადგენლობა განახლდა და საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. არიან ნიჭიერი წყალბურთელები, რომლებსაც სამომავლოდ „დინამო“ დაეყრდნობა.
მაგალითად, „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია მცველი საბა ობოლაძე, რომელიც 17 წლისაა და გუნდის განაცხადშია. 2020-2022 წლებში თამაშობდა „ლაგუნა ვერეს“ შემადგენლობაში, „დინამოს“ კი 2022 წელს შემოუერთდა.
ასევე 17 წლისაა სანდრო მიქაუტაძე – ფლანგის მოთამაშე, რომელიც „დინამოს“ 2016 წელს შემოუერთდა. კიდევ უფრო პატარა ასაკისაა ალექსანდრე ჩხეიძე – 2007 წელს დაბადებული წყალბურთელი, რომელიც ასევე „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია.
18 წლისაა ნიჭიერი საბა ტყეშელაშვილი – 2 მეტრი სიმაღლის ცენტრალური დამცველი, რომელიც „არენადან“ „დინამოს“ 2020 წელს შეუერთდა. ასევე 18 წლისაა ფლანგის მოთამაშე ბესარიონ ახვლედიანი, რომელიც „თბილისიდან“ 2020 წელს დაიმატეს. ხოლო გიორგი ერისთავი 19 წლისაა და ფლანგის მოთამაშეა.