წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იტალიასთან მატჩით იწყებს - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს, 4 იანვარს ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს ჩაატარებს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ევროპის ჩემპიონატი წელს განახლებული ფორმატით ჩატარდება. 16 ნაკრები ორ დივიზიონში, ოთხგუნდიან ჯგუფებში გადანაწილდა. საქართველოს ნაკრები A დივიზიონის B ჯგუფში იტალიის, უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებთან ერთად იასპარეზებს. A ჯგუფში კი ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი და მონტენეგრო ითამაშებენ.
B დივიზიონი
C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა
D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები კი მეორე დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნებს შეხვდებიან და მათ შორის გამოვლინდება დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა. B ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) მესამეადგილოსანი D-ს (B დივიზიონი) მეორეადგილოსანს ხვდება, ხოლო ჩვენი ჯგუფის ბოლოადგილოსანი – D ჯგუფის გამარჯვებულს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
სანდრო ადეიშვილი, ბესარიონ ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ვალიკო დადვანი, არტიომ ძიხტიარენკა, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, მარკო ელაჩა, ბექა კაპანაძე, გიორგი მაგრაქველიძე, სტეფან პიეშივაცი, ირაკლი რაზმაძე, ნიკა შუშიაშვილი, საბა ტყეშელაშვილი, დუშან ვასიჩი.
მთავარი მწვრთნელი: დეიან სტანოიევიჩი.
მწვრთნელის ასისტენტები: ზურაბ რურუა, გელა ტუკვაძე.
იტალიის ნაკრები
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საკმაოდ ტიტულოვანი იტალიის ნაკრებია (მთავარი მწვრთნელი ალესანდრო კამპანია), რომელსაც წყალბურთში უდიდესი ტრადიცია აქვს როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე.
ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებმა პირველად 1938 წელს იასპარეზა და მას შემდეგ 31-ედ თამაშობს კონტინენტის პირველობაზე.
„სეტებელო“ (იტალიის წყალბურთელთა ნაკრების მეტსახელი) სამჯერ იყო ევროპის ჩემპიონი (1947, 1993, 1995), ორჯერ ვიცე-ჩემპიონი (2001, 2010), ექვსჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა (1954, 1977, 1987, 1989, 1999, 2014).
საქართველოს ნაკრების დღევანდელ მეტოქეს სხვა დიდ ტურნირებზეც არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული. იტალია სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია (1948, 1960, 1992), ორჯერ – ვერცხლის, სამჯერ კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.
იტალიელები ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონები არიან (1978, 1994, 2011, 2019), ამას გარდა, მუნდიალებზე მოპოვებული აქვთ სამი ვერცხლისა (1986, 2003, 2022) და ერთი ბრინჯაოს მედალი (1975).
საქართველოს ნაკრებს 2014 წლიდან დღემდე იტალიასთან რვაჯერ (მათ შორის, ხუთჯერ ევროპის ჩემპიონატზე) უთამაშია და, სამწუხაროდ, ჯერ მოგება არ აქვს.
ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ქართველმა წყალბურთელებმა იტალიელებს 2017 წელს, მსოფლიო ლიგის შეხვედრაში გაუწიეს, სადაც სამი მეოთხედი ფრედ დასრულდა და მატჩის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა მინიმალური სხვაობით (3:2) მოიგეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით, 13:12 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. დებიუტი 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც ქართველმა წყალბურთელებმა მე-12 ადგილი დაიკავეს. 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში – მეცამეტეზე, 2020 წელს – მეათეზე, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე (2022 წელს) კი მერვე შედეგი აჩვენეს, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:
4 იანვარი, 20:00 | საქართველო-იტალია
6 იანვარი, 20:00 | საქართველო-უნგრეთი
8 იანვარი, 20:00 | საქართველო-საბერძნეთი