წყალბურთი | რეზი იმნაიშვილი - რუმინეთთან თამაში ჩვენთვის იყო გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალისთვის ბრძოლაში რუმინეთთან დამარცხდა და ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის განაგრძობს.
ჩვენი გუნდი 13 იანვარს გერმანიასთან ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთთან მატჩის შემდეგ კაპიტანმა რეზი იმნაიშვილმა გულშემატკივარს მიმართა.
„გვინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს გულშემატკივრებს იმისთვის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მხარში გვედგნენ და გვამხნევებდნენ. ამას ყოველთვის და ყველგან ვგრძნობთ.
ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშს ახლავს. სწორედ ამიტომ იყო გუშინდელი თამაში ჩვენთვის გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვემახსოვრება და იმასაც შეგვახსენებს, რომ სპორტში ყველაფერი ხდება.
თამაშში, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის, მოვლენები ყველასთვის მოულოდნელად განვითარდა. ვიცით, ბევრს გავუცრუეთ იმედი, პირველ რიგში, საკუთარ თავს, და ამის გამოსასწორებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ზუსტად ასეთი მარცხით და მტკივნეული დაცემით ყალიბდებიან დიდი გუნდები და აღწევენ წარმატებას. კიდევ ერთხელ ვუხდით დიდ მადლობას ყველას გაგებისა და გვერდში დგომისთვის“.