წყალბურთი | „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპს გერმანული „ვასპო-98-ით“ იწყებს - შემადგენლობა, კალენდარი, მოლოდინი
წყალბურთი | „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპს გერმანული „ვასპო-98-ით“ იწყებს - შემადგენლობა, კალენდარი, მოლოდინი

წყალბურთელთა გუნდი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე მატჩს გამართავს. მისი მეტოქე გერმანულ „ვასპო-98“ იქნება. ეს გახლავთ გუნდი, რომელსაც საწყისი სამი ტურის შემდეგ გამარჯვება არ აქვს და თბილისელებიც სეზონის მეორე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ ​პანდემიის გამო გათამაშების ფორმატი შეიცვალა – გუნდები „ბაბლის“ სისტემით იკრიბებიან ერთ ქალაქში და შეუსვენებლივ რამდენიმე მატჩს ატარებენ.

მორიგი „ბაბლი“ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება (2-5 მარტს) და დინამოელებს ოთხი მატჩის გამართვა მოუწევთ. ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:30 საათიდან შემოგთავაზებთ.

 

სტარტი

შეგახსნებთ, რომ პირველ ეტაპზე „დინამომ“ ესპანეთის ჩემპიონ, ესპანეთის ლიგის, თასისა და სუპერთასის მრავალგზის გამარჯვებულ „ზოდიაკ-ბარსელონეტასთან“ 5:17 წააგო.

შემდეგ ევროთასის 4-გზის გამარჯვებულთან, იტალიურ „ბრეშასთან“ დამარცხდა – 9:15, ხოლო მესამე ტურში 11:8 სძლია მონტენეგროს „იადრანს“, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის თასის ვერცხლის პრიზიორია.

„დინამო“ B ჯგუფში გამოდის, სადაც ფინალური ეტაპის სამი საგზურისთვის ჩვენებთან ერთად „ტელეკომი“ (ბუდაპეშტი, უნგრეთი), „ზოდიაკ ბარსელონეტა“ (ბარსელონა, ესპანეთი), „იადრანი“ (ჰერცეგ ნოვი, მონტენეგრო) და „ბრეშა“ (იტალია) იბრძვიან. რაც შეეხება მეექვსე გუნდ ჰანოვერის „ვასპო-98-ს“ (გერმანია), როგორც მასპინძელს, მეოთხე საგზური განაღდებული აქვს.

 

შემადგენლობა

თბილისის „დინამო“, რომელსაც ზურაბ რურუა წვრთნის, უნგრეთში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

ირაკლი რაზმაძე, ბექა ქავთარაძე, ბესარიონ ახვლედიანი, რევაზ იმნაიშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა (კაპიტანი), სანდრო ადეიშვილი, იოვან სარიჩი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, დუშან ვასიჩი, ბორის ვაპენსკი, ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი გვეტაძე.

მთავარი მწვრთნელი – დეიან სტანოიევიჩი, მწვრთნელები – ზურაბ რურუა, ირაკლი გოგელია, ექიმი – გურამ ადამია.

 

კალენდარი

2 მარტი

19:30 ვასპო 98-დინამო

3 მარტი

19:30 დინამო-ფერენცვაროში

4 მარტი

17:00 ბრეშა-დინამო

5 მარტი

17:00 დინამო-ბარსელონეტა