წყალბურთი | ბათუმში საერთაშორისო ტურნირი „შავი ზღვის თასი“ გაიმართება – პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ #1TVSPORT

22:56, 14.10.2026

15 ოქტომბრიდან ბათუმის საცურაო აუზში წყალბურთის კლუბ „აპოლოსა“ და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ტურნირი, „შავი ზღვის თასი“ იწყება – მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავზებთ.

ტურნირში „აპოლოსა“ და თბილისის „დინამოსთან“ ერთად, საუკეთესო უცხოური კლუბები მონაწილეობენ – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „პრო რეკო“ (იტალია), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), კაშივაზაკი“ (იაპონია).

გუნდები ორ ჯგუფად არიან გაყოფილი:

A ჯგუფი

„აპოლო“, „პრო რეკო“, „ვასპო ჰანოვერი“, „კაშივაზაკი“;

B ჯგუფი

„დინამო“ (თბილისი), „ფერენცვაროში“, „მარსელი“, „ნოვი ბელგრადი“.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 15, 16 და 17 ოქტომბერს გაიმართება, 18 ოქტომბერს კი ფინალური ეტაპის შეხვედრები შედგება.

ბათუმში გასამართი ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი „აპოლოს“ ყოფილი მოთამაშე, უნგრელი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, დენის ვარგაცაა. უნგრელმა ლეგენდამ მომავალ ტურნირთან დაკავშირებით Total-waterpolo-სთან კომენტარი გააკეთა და ყურადღება საპრიზო თანხებზე გაამახვილა:

„უპრეცედენტო შემთხვევაა, რომ მსგავს ტურნირზე თითქმის ჩემპიონთა ლიგის მსგავსი საპრიზო ფონდია დაწესებული. ტურნირის გამარჯვებული 60 ათას ევროს მიიღებს, მეორადგილოსანი – 40 ათას ევროს, ხოლო მესამე ადგილზე გასულ გუნდს 30 ათასი ევრო ერგება. ამას გარდა, ინდივიდუალური ჯილდოების სახით თითოეული გამორჩეული წყალბურთელი 5000 ევროს მიიღებს.

ამას გარდა, ქართული მხარე, როგორც მასპინძელი, ანაზღაურებს გუნდების მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს. ასე რომ, კლუბებს ისღა დარჩენიათ გამოიყენონ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა და თუ წარმატებას მიაღწევენ, საპრიზო თანხით ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესონ“.

„შავი ზღვის თასის“ მატჩების განრიგი:

15 ოქტომბერი


14:00 | „პრო რეკო“ – „კაშივაზაკი“

16:00 | „დინამო“ – „მარსელი“

18:00 | „ფერენცვაროში“ – „ნოვი ბელგრადი“

20:00 | „აპოლო“ – „ვასპო ჰანოვერი“

16 ოქტომბერი


14:00 | „ნოვი ბელგრადი“ – „მარსელი“

16:00 | „კაშივაზაკი“ – „ვასპო ჰანოვერი“

18:00 | „ფერენცვაროში“ – „დინამო“

20:00 | „აპილო“ – „პრო რეკო“

17 ოქტომბერი


14:00 | „დინამო“ – „ნოვი ბელგრადი“

16:00 | „პრო რეკო“ – „ვასპო ჰანოვერი“

18:00 | „ფერენცვაროში“ – „მარსელი“

20:00 | „აპოლო“ – „კაშივაზაკი“

18 ოქტომბერი


მატჩი მე-7 ადგილისთვის

11:00 | A4 – B4

მატჩი მე-5 ადგილისთვის

13:00 | A3 – B3

მატჩი მესამე ადგილისთვის

15:00 | A2-B2

ფინალი

17:00 A1 – B1

მსგავსი