წურწუმიას ქუჩაზე გზის დაგება დაიწყო
წურწუმიას ქუჩაზე გზის დაგება დაიწყო

თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დაიწყო. დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას გუშინ შეხვდა და საგზაო სამუშაოების გაჭიანურებით შექმნილი დისკომფორტისთვის მოუბოდიშა.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიას გზის რეაბილიტაციის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.

მათივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე 30 ერთეული სპეც-ტექნიკა იყო მობილიზებული, დღეს დილიდან კი, მერის დავალების შესაბამისად, ასფალტის ქვედა ფენის დაგება დაიწყო.

მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

2,2 კილომეტრიან მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით, დაიგება გზის სრულიად ახალი საფარი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც.

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. წურწუმიას ქუჩის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.