წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომაზე გაგრძელდება

​მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე, – ამის შესახებ წმინდა სინოდის განჩინებაშია ნათქვამი.

განჩინების ტექსტი ალავერდელმა მიტროპოლიტმა, დავით მახარაძემ წაიკითხა:

„დღეს საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციაში შედგა წმინდა სინოდის კრება.

თბილისი, 27 დეკემბერი, 2018 წელი;

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

მან თქვა: მართლმადიდებელი ეკლესია არის ის ეკლესია, რომელიც დააფუძნა უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ.

მადლობა ღმერთს, რომ საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანა. ჩვენი წმინდანები, წმინდა ნიკოლოზი და წმინდა გიორგი გვეხმარებიან ჩვენი ეკლესიის დაცვაში.

მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმას, რაც მოხდა უკრაინაში, კონსტანტინოპოლისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოებს შორის. უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. არ არის ერთი აზრი, ერთსულოვნება.

რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან  მსოფლიო საპატრიარქომ დაიწყო პროცედურები უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი, რაც იწვევს მწუხარებას ჩვენში.

ასევე უწმინდესმა ბრძანა, ეკლესიას ისტორიის მანძილზე ჰქონია მრავალი განსაცდელი და ღვთის მადლით დაუძლევია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვთის ძალით აღდგება ძმური ერთობა ეკლესიებს შორის.

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარემ, წაიკითხა ყოვლად უწმინდესის, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველისა და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილები.

მსჯელობაში სიტყვით გამოვიდნენ მიტროპოლიტები: გრიგოლი, პეტრე, თეოდორე, ნიკოლოზი, იოანე, სპირიდონი, ანდრია, დავითი. ეპისკოპოსები – გიორგი, დოსითეოზი.

კრებამ მოისმინა და იმსჯელა შექმნილი სიტუაციის გამო და განაჩინა:

​მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი დაძაბული ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მსჯელობა გაგრძელდეს წმინდა სინოდის შემდგომ სხდომაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი მიმართავს, საქართველოს სამოციქულო სამწყსოს საქართველოსა და უცხოეთში არსებულ ჩვენს სამრევლოებს, რათა უფალს გულმხურვალედ შევავედროთ, ყოველთა მართლმადიდებელთა მშვიდობა და ერთობა“,- აღნიშნულია განჩინების ტექსტში.