წმინდა სინოდი - ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი ისე წარიმართება, არ მოხდება ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა
წმინდა სინოდი - ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი ისე წარიმართება, არ მოხდება ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა

ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი ისე წარიმართება, არ მოხდება ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

„წმინდა სინოდმა დაადგინა: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, – წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს.

სახელმწიფო საზღვრის დამდგენი მთავარი იურიდიული დოკუმენტი დღემდე არის 1996 წ. 13 ივნისის ოქმი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა აღიარებული და მასზე ხელი აქვს მოწერილი საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ დადგენილი სახელმწიფო კომისიების უფლებამოსილ პირებს.

აღნიშნულ დოკუმენტში მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ ქვეყნებს შორის სახელმწიფოთა საზღვარი უნდა გაივლოს 1938 წ. მდგომარეობით, ხოლო 1938 წ. სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას წარმოადგენს 1937-38 წლებში დაბეჭდილი 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. ამას ამტკიცებს საქართველოს ყველა პროფესიონალი კარტოგრაფი, რომელთაც შესაბამისი სამეცნიერო უფლებამოსილება და კომპეტენცია აქვთ.

დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთანხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.

ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა.

ასევე დაადგინეს: დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას, გააგრძელოს გადაცემათა ციკლი გარეჯის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით“, – აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.

დატოვე კომენტარი