წლის შემაჯამებელზე ნახევარფინალები დაკომპლექტდა
წლის შემაჯამებელზე ნახევარფინალები დაკომპლექტდა

წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპი დღეს სრულდება. მესამე ტურის მატჩები “სამპრასის ჯგუფში” იმართება. დღის პირველი შეხვედრა დასრულდა და ამ ჯგუფიდან მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა სწორედ მას უნდა გაერკვია. ერთმანეთს ხვდებოდნენ ბელგიელი დავიდ გოფენი და ავსტრიელი დომინიკ ტიმი. ორი ტურის შემდეგ, მათ თითო შეხვედრა ჰქონდათ მოგებული და გამარჯვებული ნახევარფინალში გადიოდა.

მატჩში ინტრიგა მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე იყო შენარჩუნებული, როცა ტიმმა ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, გოფენი სრულ უპირატესობას დაეუფლა და მომდევნო 14 გათამაშებული გეიმიდან 12 თავის სასარგებლოდ დაასრულა, რამაც საათსა და 13 წუთში ორ სეტში მოგება მოუტანა – 6:4, 6:1.

გვიან გაიმართება “სამპრასის ჯგუფში” მესამე ტურის მეორე მატჩი გრიგორ დიმიტროვსა და პაბლო კარენიო ბუსტას შორის, მაგრამ მას არანაირი სატურნირო მნიშვნელობა არ აქვს – დიმიტროვს ორი ტურის შემდეგ აქვს გარანტირებული ჯგუფში პირველი ადგილი და ნახევარფინალში თამაში. ასე რომ, ხვალ, ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე ასეთი ნაცევარფინალები იქნება: როჯერ ფედერერი – დავიდ გოფენი; გრიგორ დიმიტროვი – ჯეკ სოკი.