წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ფინალისტი დიმიტროვი გახდა
წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე ფინალისტი დიმიტროვი გახდა

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ჩემპიონატზე მეორე ფინალისტი გამოვლინდა. ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამიდან სამი მატჩი მოიგო და მეტოქეებს მხოლოდ ერთი სეტი დაუთმო, დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი ამერიკელ ჯეკ სოკთან შეხვედრაში – ზუსტად ორ საათში 4:6, 6:0, 6:3 მოიგო.

დიმიტროვმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყო – მეორე გეიმში ბრეიკი შეასრულა და 3:0 გავიდა წინ. თუმცა, ამას მოჰყვა ამერიკელის მხრიდან ასევე ზედიზედ სამი გეიმის აღება და ანგარიშის გათანაბრება. პირველ პარტიაში ყველაფერი მეცხრე გეიმში გადაწყდა, რომელშიც სოკმა მეორე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ, სეტზე ჩააწოდა.

მეორე პარტიიდან მოყოლებული, დიმიტროვმა უდიდესი უპირატესობა მოიპოვა. ბულგარელმა ზედიზედ შვიდი გეიმის აღება მოახერხა, რითაც მოიგო მეორე სეტი 6:0 და მესამეში წინ გავიდა. გადამწყვეტ პარტიაში ბულგარელმა მერვე გეიმში შეასრულა ბრეიკი და მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა. სოკმა არ მოისურვა მატჩის იოლად დათმობა და მეტოქის მოწოდებაზე სამი მატჩბოლი მოიგერია, თავად ორი ბრეიკპოინტის შანსი მიიღო, მაგრამ საბოლოოდ, 14-გათამაშებიან გეიმში დიმიტროვმა მეოთხე ცდიდან მაინც შეძლო მოგება და ფინალში გასვლა, სადაც ბელგიელ დავიდ გოფენს შეხვდება.

სხვათა შორის, ნახევარფინალის მოგებით, დიმიტროვმა გაინაღდა 2017 წლის სეზონის მესამე ჩოგნის რანგში დასრულება.

ფინალი კვირას, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.