პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირი მაყურებელის გარეშე ჩაივლის. ამის მიზეზია დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მიერ გამოცხადებული საყოველთაო კარანტინი, რომელიც 5 ნოემბრიდან ამოქმედდება.
„ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ამასწინდელი განცხადების შემდეგ, შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ წლის დასკვნითი ტურნირი მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ვაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან მონაწილეებისა და ორგანიზატორების უსაფრთხოებისთვის ყველა აუცილებელი ზომის უზრუნველსაყოფად“, – წერია ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.
50-ე საიუბილეო შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში 15-22 ნოემბერს გაიმართება. ამ მომენტისთვის ცნობილია რვიდან შვიდი მონაწილე – სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელი რაფაელ ნადალი, ავსტრიელი დომინიკ ტიმი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი და რუსები – დანიილ მედვედევი და ანდრეი რუბლიოვი.