წლის საკრივო ორთაბრძოლა ჩაშლის პირასაა
წლის საკრივო ორთაბრძოლა ჩაშლის პირასაა

2018 წლის ერთ-ერთი მთავარი საკრივო ორთაბრძოლა მექსიკელ საულ „კანელოალვარესსა და საშუალო წონაში WBC-ის, WBA-სა და IBF-ის ჩემპიონს, ყაზახ გენადი გოლოვკინს შორის ჩაშლის პირასაა.

როგორც ავტორიტეტული საკრივო ინტერნეტ გამოცემა BoxingScene იტყობინება, ალვარესმა ​ბრძოლისწინა ერთ-ერთი დოპინგტესტი ჩააგდო – მექსიკელის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი, კლენბუტეროლი აღმოჩნდა, რომელიც კუნთის მასის გასაზრდელად და ცხიმების დასაწვავად გამოიყენება.

პრომოუტერულმა კომპანია Golden Boy Promotions-მა განაცხადა, რომ ალვარესის ორგანიზმში ეს პრეპარატი სავარაუდოდ დაინფიცირებული ხორცის მეშვეობით მოხვდა. ამასთან დაკავშირებით მოკრივეს საკუთარი საწვრთნელი ბანაკი მექსიკიდან აშშ-ში გადააქვს, რათა იქ დამატებითი ტესტირებები ჩაიტაროს.

შეგახსენებთ, რომ ალვარესსა და გოლოვკინს შორის პირველი ბრძოლა 2017 წლის 17 სექტემბერს გაიმართა და ფრედ დასრულდა. განმეორებითი შეხვედრა ლას ვეგასში 5 მაისისთვის არის დანიშნული.