„დინამო თბილისის“ მოცურავეებმა საქართველოს ჩემპიონატზე ორი ეროვნული რეკორდი დაამყარეს #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონატზე ცურვაში „დინამო თბილისის“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. კლუბის წარმომადგენლებმა 10 მედალი მოიპოვეს და საქართველოს ორი ეროვნული რეკორდი დაამყარეს.
„დინამო თბილისი“ ჩემპიონატზე ცხრა სპორტსმენით, ორ კატეგორიაში იყო წარმოდგენილი. კლუბის მოცურავეებმა ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ეროვნული რეკორდები ორმა სპორტსმენმა დაამყარა. ალექსანდრე ერაძემ 100 მეტრზე ბრასით ცურვაში დისტანცია 1:00.30 წუთში დაფარა, ხოლო მიხეილ სერედინსკიმ 1500 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში 15:36.64 წუთი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სერედინსკი ეროვნული რეკორდის დამყარებასთან ერთად, აბსოლუტურ კატეგორიაში ტურნირის საუკეთესო მოცურავედაც დასახელდა.
„დინამო თბილისმა“ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ცურვაში პირველად იასპარეზა და სადებიუტო გამოსვლა ორი ეროვნული რეკორდითა და ათი მედლით დაასრულა.