წლის მატჩის ტოლფასი რურის დერბი და ჰაინკესის პირველი მარცხი - ბუნდესლიგის მე-13 ტურის მიმოხილვა
წლის მატჩის ტოლფასი რურის დერბი და ჰაინკესის პირველი მარცხი - ბუნდესლიგის მე-13 ტურის მიმოხილვა

დორტმუნდი-შალკე

ბუნდესლიგის მე-13 ტურის გამორჩეული მატჩი რურის სახელგანთქმული დერბი იყო. ხშირად არ ხდება ისე, რომ “დორტმუნდისა” და “შალკეს” დაპირისპირებაში ფავორიტად გელზენკირხენული გუნდი მიიჩნეოდეს, განსაკუთრებით, ბოლო წლებში, მაგრამ, ამჯერად, ყველას ახსოვდა ის, რომ დორტმუნდელებს ზედიზედ სამი წაგება და ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდათ, “შალკე” კი მასზე ზემოთ, მესამე ადგილზე იმყოფებოდა.

სეზონის დასაწყისში შესანიშნავად მოთამაშე “დორტმუნდს” კრიზისიდან გამოსასვლელად რაიმე გარდამტეხი მომენტი სჭირდება და ასეთი მომენტი შეიძლებოდა ყოფილიყო პირველი ტაიმის 13 წუთში ჩატეული 4 გოლი! ობამეიანგის, გიოტცესა და რაფაელ გერეიროს გოლებს სტამბულის ავტოგოლიც დაემატა და მასპინძლები 4:0 დაწინაურდნენ! გოლები შესანიშნავი კომბინაციების შემდეგ გადიოდა და “დორტმუნდი” იმ თამაშს უჩვენებდა, რომლითაც სეზონის სტარტზე ყველას სიამოვნებას ანიჭებდა.

პირველ 45 წუთში დარტყმების შეფარდება იყო – 9:1 (ზუსტი დარტყმები – 5:0). მეორე ნახევარში ანალოგიური სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა – 11:2 (1:7), ოღონდ “შალკეს” სასარგებლოდ.

თამაშს ინტრიგა მეორე ტაიმის ოთხწუთიან ინტერვალში დაუბრუნდა, როცა ბურგშტალერმა და ჰარიტმა ორი გოლი გაიტანეს და ანგარიში 4:2 გახდა. ამას ის დაემატა, რომ 72-ე წუთზე, ობამეიანგმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და “დორტმუნდი” 10 კაცით დარჩა მოედანზე.

“შალკემ” რიცხობრივი უპირატესობა 86-ე წუთზე გამოიყენა და დანიელ კალიჯურიმ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, ხოლო, როცა თამაშის დასრულებას წამები აკლდა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე, ნალდომ ჩვეულ სტილში მოიგო საჰაერო დუელი – 4:4.

მატჩის ფაქტები

– გიოტცემ 344-დღიანი პაუზის შემდეგ გაიტანა გოლი ბუნდესლიგაში.
– “შალკე” პირველი გუნდია “ბაიერნის” შემდეგ, რომელმაც 0:4-დან თამაშის გადარჩენა შეძლო. 1976 წელს, “რეკორდმაისტერმა” “ბოხუმს” მოუგო 6:5.
– პიერ-ემერიკ ობამეიანგმა შეწყვიტა ბუნდესლიგაში 307-წუთიანი უგოლო სერია.
– ობამეიანგს 96 გოლი დაუგროვდა ბუნდესლიგაში და გაუთანაბრდა გერმანიის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ აფრიკელს ტონი იებოას.
– ლეონ გორეტცკამ მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

გლადხაბი-ბაიერნი

იუპ ჰაინკესი კიდევ ერთხელ დაბრუნდა მოინხენგლადბახში, სადაც საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, ოთხჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და 195 გოლით, დღემდე კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

ბოლო წლებში “ბაიერნს” ყოველთვის უჭირს გლადბახში თამაში და გამონაკლისი არც ეს სტუმრობა გამოდგა.

მართალია, მატჩი მასპინძლებისთვის უსიამოვნოდ დაიწყო და “ბორუსიამ” კრამერი დაკარგა, გლადბახელებმა ჯერ კარგი მომენტი შექმნეს, შემდეგ კი პენალტით გახსნეს ანგარიში – ტორგან აზარმა თავისივე მოპოვებული 11-მეტრიანი გამოიყენა. პირველ ტაიმში ლევანდოვსკის ქუსლით შეეძლო გაეტანა, მაგრამ ძელს გაარტყა, მომდევნო შეტევაში კი შტინდლმა ეფექტური დრიბლინგის შემდეგ, ცარიელ კართან დატოვა გინტერი – 2:0.

მეორე ტაიმში მასპინძლებს შეტევაზე არც უფიქრიათ. ბურთის ფლობა: 24%-76%, დარტყმების შეფარდება: 1-13 (ზუსტი დარტყმები: 0-5) – ასეთი უპირატესობა ჰქონდა “ბაიერნს” მეორე ნახევარში, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო. 74-ე წუთზე არტურო ვიდალის გოლი ერთადერთი აღმოჩნდა მეორე ტაიმში და “ბაიერნმა” 1:2 წააგო.

ჰაინკესის “ბაიერნმა” ზედიზედ ცხრა ოფიციალური მატჩის მოგების შემდეგ, პირველი მარცხი იწვნია.

“გლადბახმა” კი ყველაზე კარგად გაიარა ბოლო ოთხი ტურის დისტანცია, დააგროვა 10 ქულა და მესამეადგილოსან “შალკეს” გაუთანაბრდა.

მატჩის ფაქტები

– “ბაიერნს” მიონხენგლადბახში ჩატარებულ ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ექვსი მოგება (5 ფრე, 5 წაგება) აქვს.
– რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ, “გლადბახისთვის” არასოდეს გაუტანია.
– ტორგან აზარს ამ სეზონში ოთხიდან ოთხი პენალტი აქვს გატანილი.
– მატიას გინტერი 150-ე მატჩს ატარებდა ბუნდესლიგაში.

სხვა მატჩების ფაქტები:

– “შტუტგარტი” სეზონში პირველად ლიდერობდა გასვლით შეხვედრაში.
– “ჰანოვერმა” თავისი 16 გოლიდან 13 მეორე ტაიმებში გაიტანა.
– “შტუტგარტს” 16-დან 11 გოლი მეორე ტაიმებში აქვს გაშვებული.
– “ლაიპციგს” შვიდიდან შვიდი მატჩი აქვს მოგებული ბუნდესლიგაში, როცა ნაბი კეიტა გოლს იტანდა.
– “ლევერკუზენმა” შეწყვიტა “აინტრახტის” ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია და რვა მატჩია არ მარცხდება ბუნდესლიგაში.
– “ლევერკუზენს” მინიმუმ ერთი გოლი გააქვს ბუნდესლიგის ბოლო 18 მატჩში. ეს ყველაზე გრძელი მიმდინარე სერიია გერმანიაში.
– “აუგსბურგმა” სექტემბერის შემდეგ, პირველად მოიგო საკუთარ მოედანზე და შეწყვიტა “ვოლფსბურგის” რვამატჩიანი წაუგებელი სერია.
– კევინ აკპოგუმამ ბუნდესლიგის ისტორიაში მე-1000 ავტოგოლი გაიტანა.
– “კიოლნში” ითამაშა 16 წლის იან ბისეკმა, რომელიც ბუნდესლიგის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

შედეგები:

ჰანოვერი-შტუტგარტი 1:1 (ფიულკრუგი 76-პენ – ასანო, 24)
დორტმუნდი-შალკე 4:4 (ობამეიანგი 12, სტამბული 18-საკ. კარში, გიოტცე 20, რაფაელ გერეირო 25 – ბურგშტალერი 61, ჰარიტი 65, კალიჯური 85, ნალდო 90+3)
ლაიპციგი-ვერდერი 2:0 (კეიტა 34, ბერნარდო 87)
ფრაიბურგი-მაინცი 2:1 (პეტერსენი 51, კატი 90 – ბერგრეენი 90+3)
აინტრახტი-ლევერკუზენი 0:1 (ფოლანდი 76)
აუგსბურგი-ვოლფსბურგი 2:1 (გრეგორიტში 51, ფინბოგასონი 78 – დიდავი 40)
გლადბახი-ბაიერნი 2:1 (ტ. აზარი 39-პენ, გინტერი 44 – ვიდალი 74)
ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 3:0 (აკპოგუმა 6-საკ. კარში, კოსტიჩი 75, იუნგი 88)
კიოლნი-ჰერტა 0:2 (იბიშევიჩი 17, იბიშევიჩი 64-პენ)