წლის ბოლო ტრანსფერები საქართველოში - „საბურთალომ“ „ლოკომოტივიდან“ სამეული დაიმატა #1TVSPORT
წლის ბოლო ტრანსფერები საქართველოში - „საბურთალომ“ „ლოკომოტივიდან“ სამეული დაიმატა #1TVSPORT

2021 წლის ბოლო ტრანსფერები „საბურთალომ“ განახორციელა – საქართველოს თასის მფლობელმა გუნდმა „ლოკომოტივიდან“ წამოსული სამი ფეხბურთელი დაიმატა.

პირველი ირაკლი სიხარულიძეა – ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და თავდამსხმელი „საბურთალოს“ პირობებზე ახალი წლის დადგომამდე საბოლოოდ შეუთანხმდა. სიხარულიძე წლების განმავლობაში „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა და გუნდის მთავარი მეგოლეც იყო. ამპლუით ფორვარდი რამდენიმე წლის წინ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა.

„საბურთალოს“ ფეხბურთელი გახდა ცენტრალური მცველი სანდრო გურეშიძეც. 26 წლის მცველი ალექსანდრე გურეშიძე თბილისური კლუბის ღირსებას 2022 წლიდან დაიცავს. „საბურთალოს“ ახალწვეულმა (რომელიც წლების განმავლობაში „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია ბოლნისის „სიონსა“ და ფოთის „კოლხეთში“) ახალ კლუბთან ხელშეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.

„საბურთალოში“ თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი დავით უბილავაც ითამაშებს. ამპლუით მარცხენა მცველი „ლოკომოტივის“ ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და საკმაოდ წარმატებითაც. ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

საბურთალომ“ უკვე რვა ახალწვეული დაიმატა. აქამდე თბილისელებმა კონტრაქტები გაუფორმეს ნოდარ იაშვილს, ლაშა შინდაგორიძეს, ბაქარ ქარდავას, ნოდარ ქავთარაძესა და გია ჩადუნელს.