Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ევროპას სჭირდება ისეთი ორგანო, რომელიც „ჰიბრიდული ომის“ წინააღმდეგ ბრძოლას უხელმძღვანელებს
ავიაკომპანია Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოზეფ ვარადიმ განაცხადა, რომ ევროპას უსაფრთხოების სფეროში უფრო კოორდინირებული მიდგომა და ისეთი ორგანო სჭირდება, რომელიც „ჰიბრიდული ომის“ წინააღმდეგ ბრძოლას უხელმძღვანელებს.
„ამ პრობლემის მოსაგვარებლად სულ ახლახან პირადად შევხვდი ევროკომისიის წარმომადგენლებს და მოვუწოდე, ერთობლივი ძალისხმევით იმოქმედონ და კოორდინირებული მიდგომა შეიმუშაონ“, – განაცხადა იოზეფ ვარადიმ ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ კონფერენციაზე.
მისი თქმით, ეს საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია, რადგან სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს უკავშირდება.
„ჩვენ ცენტრალურ ევროპაში დაფუძნებული ავიაკომპანია ვართ და, სავარაუდოდ, ჰიბრიდული ომის საფრთხეების მიმართ დასავლეთის სხვა ავიაკომპანიებთან შედარებით უფრო მეტად ვართ მოწყვლადი“, – აღნიშნა ვარადიმ.
ცნობისთვის, ნოემბერში ევროპაში ბომბის აფეთქების შესახებ მუქარის არაერთმა შემთხვევამ შეფერხებები გამოიწვია ავიამიმოსვლის კუთხით. კონკრეტულად Wizz Air-მა ევროპის მასშტაბით შესრულებულ 14 რეისთან დაკავშირებით ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები მიიღო. მუქარის გამო ავიაკომპანიას ორი თვითმფრინავისთვის მარშრუტის შეცვლა მოუწია.