წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა ძლიერ დაზიანებული იყო და არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი ხრეშოვანი, რაც გადაადგილებას აფერხებდა.

„პროექტის ფარგლებში, ხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ასევე განხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზით სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და დამსვენებლები. ამავდროულად, აღნიშნული გზის კეთილმოწყობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.