წითელმა ჯვარმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულა
წითელმა ჯვარმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულა

წითელმა ჯვარმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მოინახულა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სოფიო ელიზბარაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, წითელმა ჯვარმა მღებრიშვილს ოჯახისგან წერილი გადასცა. სოფიო ელიზბარაშვილის თქმით, ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარე, შეხვედრის დეტალებზე და მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ ისაუბრებს.

„გიდასტურებთ ნამდვილად, დღეს ჩემმა კოლეგებმა ოკუპირებულ ცხინვალში შეძლეს საპატიმროში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის მონახულება. მას გადავეცით ოჯახის წერილი. ჩვენი ორგანიზაციის ჰუმანიტარული მანდატიდან და პირველ რიგში, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბარათის შინაარსი, ისევე როგორც შეხვედრის სხვა დეტალები, კონფიდენციალურია. ჩვენ ოჯახს მივაწოდეთ შესაბამისი ინფორმაცია, ოჯახი ყველაფრის შესახებ ინფორმირებულია. სამწუხაროდ სხვა დეტალების გამხელა ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე არ შემიძლია, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც არ შემიძლია კომენტარი გავაკეთო, კვლავ ორგანიზაციის მანდატიდან გამომდინარ“, – განაცხადა სოფიო ელიზბარაშვილმა.

ხვიჩა მღებრიშვილი რუსმა სამხედროებმა ორი თვის წინ დააკავეს. მას სამთვიანი უკანონო პატიმრობა მიესაჯა.