წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულთა იდენტიფიცირება გრძელდება
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულთა იდენტიფიცირება გრძელდება

აფხაზეთის 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპულთა იდენტიფიცირება გრძელდება.

როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, ამ საკითხზე შეხვედრა ერევანში დღეს გაიმართა.

ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) საქმიანობის კოორდინატორის  ნიკოლა ფლორის თქმით, ქართველი და აფხაზი მონაწილეების მიერ შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, 431 ადამიანის ნეშტის მოძიება და ექსჰუმაცია მოხდა, მათ შორის 148 ამოცნობილია და ოჯახებს პატივით დასაკრძალად გადაეცა.

„ჩვენი ძალისხმევით, 2019 წლის დასაწყისში უფრო მეტი ოჯახი შეძლებს, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, მიიღოს პასუხი საყვარელი ადამიანების ხვედრის შესახებ. ამოცნობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. ეს პროგრესი საკოორდინაციო მექანიზმის მონაწილეების თავდაუზოგავი თანამშრომლობისა და პროცესში ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობის შედეგია, რომელთა უნარჩვევები და ცოდნა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება“, – განაცხადა ნიკოლა ფლორიმ.

ამასთან, როგორც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, ქართველი და აფხაზი მონაწილეების მიერ შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრა აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისას და მის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 2258 ადამიანის ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად გაიმართა.

შეხვედრას თავმჯდომარეობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ) მისი ნეიტრალური შუამავლის სტატუსის შესაბამისად.

„გარდა 2018 წელს მიღწეული შედეგებისა, ერევნის შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა 1992-93 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სავარაუდო სამარხების შეფასებისა და საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ინფორმაციის მოძიება-დამუშავების მნიშვნელობას. მონაწილეები შეთანხმდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ინფორმაციის ეფექტური მოძიებისა და გაცვლისთვის არის საჭირო, რათა პროცესი საჭირო ტემპით გაგრძელდეს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გავრცელებულ რელიზში.

საკოორდინაციო მექანიზმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 2010 წელს შეიქმნა. მისი მიზანია 1992-93 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიება.