წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას
წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, როდის შეძლებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ქარდავა აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, როდის მიეცემათ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება.

როგორც ქარდავა ამბობს, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის გამო, პროცესი გახანგრძლივდა.

„გუშინ შევხვდით კიდევ ერთხელ ბატონო გახელაძის ოჯახის წარმომადგენელს, მის ძმას, რომელმაც წითელი ჯვრის საბარათე ბლანკის მეშვეობით წერილი გააგზავნა მასთან. წერილი იმიტომ, რომ დროში მოგვეგო, მისი დასკანერებული ვერსია იმ წუთშივე გადავეცით ჩვენს ოფისს ცხინვალში.

რაც შეეხება მისი მონახულების ვადებს, დიდი იმედი მაქვს, მალე ამას მოვახერხებთ, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ვამბობთ კონკრეტულ ვადას. ამასთან, შემიძლია, დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენი წარმომადგენლობა ცხინვალში შეხვდა დე-ფაქტო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, გაიგზავნა ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა რაც გახლავთ პროცედურა ასეთ შემთხვევაში. პასუხად გვითხრეს, რომ რადგან ის საავადმყოფოში იმყოფება, იქ მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. ამან ცოტა გადადო და შეაყოვნა პროცესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ ალბათ შევძლებთ ამ ვიზიტს. თუ ვთქვათ კარანტინის გამო უფრო გადაიწევს დროში, იმას მაინც ვეცდებით, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, აუცილებლად შევუგზავნოთ მას ოჯახის წერილი და ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვამბობ, რადგან ჩვენ ის ჯერ არ გვინახავს, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შეგვიძლია კომენტარი გავაკეთოთ, თუმცა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავთ და ახლაც მოგახსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ცხადია, ვმოქმედებთ ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია საკუთარი ახლობლის მდგომარეობის შესახებ და ბუნებრივია, როდესაც ვიზიტი შედგება უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება და ამას უშუალოდ ოჯახს მივაწვდით“, – განაცხადა მაია ქარდავამ.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა ოთხი დღის წინ, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება.