წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება
წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება

საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე დღეს პრესკონფერენციას გამართავს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმუნიზაციის საკითხებს.

უწყების ცნობით, პრესკონფერენციას დაესწრებიან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეები და დარგის ექსპერტები.

წითელას ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა წელს აჭარაში დაფიქსირდა, სადაც მხოლოდ იანვრის პირველ ნახევარში 35-ზე მეტი შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, წინა წლებთან შედარებით, შემთხვევების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

მისივე ინფორმაციით, წელს შემთხვევების 24 პროცენტი ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა, რაც ვაქცინაციამდელი ასაკია და ვირუსის კონტაქტური გზით გადაცემას უკავშირდება. წითელას ვაქცინაცია ერთი და ხუთი წლის ასაკში ტარდება.

შემთხვევების ნაწილი კი მოზრდილებში დაფიქსირდა, რომლებსაც, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, შესაბამის ასაკში იმუნიზაცია არ აქვთ ჩატარებული. მისივე თქმით, წითელას პრევენციის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში პრესკონფერენცია 11:00 საათზეა ჩანიშნული.