წითელ ჯვარში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას
წითელ ჯვარში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეძლებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულებას

წითელ ჯვარში ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის მიეცემათ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მონახულების საშუალება.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ქარდავა აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, პროცესი გახანგრძლივდა.

„როდის შევალთ, ამაზე პასუხი არ მაქვს, რადგან ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ რაც უნდა გაგვეკეთებინა ამ მიმართულებით, გაკეთდა – დაიწერა ოფიციალური მოთხოვნა დე ფაქტო ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. იმედი მაქვს, შეძლებისდგვარად მალე მოხდება. თუმცა კონკრეტულ ვადას ვერ გისახელებთ. კორონავირუსის გამო, იქ რაღაც შეზღუდვები არსებობს და როგორც ჩანს, ესეც ცოტა ახანგრძლივებს ამ პროცესს.

ოჯახმა უკვე ორი წერილი დაწერა და ჩვენ ეს წერილები დასკანირებული სახით გადავეცით ცხინვალში ჩვენს კოლეგებს, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ მოინახულონ ბატონი გახელაძე. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მანდატი ძალიან მკაცრად არის გაწერილი, არ გვაქვს არანაირი უფლებამოსილება, რომ ჩავერიოთ ადამიანის დაკავებასა თუ გათავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოებულ პროცესებში. ეს არ შედის ჩვენს მანდატში. ჩვენ რაც შეგვიძლია, არის ის, რომ მოვინახულოთ ადამიანი საავადმყოფოში იქნება თუ სხვაგან. ამ პროგრამას ჰქვია „ოჯახური კავშირების აღდგენა“. ჩვენ კონკრეტული პირობა გვაქვს, რომ აუცილებლად უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, პირისპირ შევხვდეთ ადამიანს, მოწმეების გარეშე საუბრის შესაძლებლობას ყოველთვის ვითხოვთ. ვაკვირდებით, რა პირობებშია, რა მდგომარეობა არის. სამწუხაროდ, არასწორად ესმით ხოლმე, მაგალითად როდესაც გავრცელდა ფაქტის შესახებ ინფორმაცია, გვეუბნებოდნენ რომ, წითელი ჯვარი უნდა ჩაერთოთ, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოთო. ცოტა აღრევა ხდება, ჩვენ არ გვყავს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ჩვენს თანამშრომლებს არ შეუძლიათ. ჩვენ გვყავს უბრალოდ, ზოგადი პროფილის დელეგატები, რომლებიც აკვირდებიან და შესაბამის რეკომენდაციებს უწევენ პასუხისმგებელ მხარეს, თუკი შეამჩნევენ არასათანადო მოპყრობას, ცუდ პირობებს“, – განაცხადა მაია ქარდავამ.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმმა ოთხი დღის წინ, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ფეხის არეშია დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება.