წიტაიშვილის საგოლემ კიეველებს ვერ უშველა - „შახტარმა“ „დინამო“ დაამარცხა
წიტაიშვილის საგოლემ კიეველებს ვერ უშველა - „შახტარმა“ „დინამო“ დაამარცხა

უკრაინის ჩემპიონატი 24-ე ტურის მატჩით განახლდა – კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ერთმანეთს მუდმივი მეტოქეები, დონეცკის „შახტარი“ და კიევის „დინამო“ დაუპირისპირდნენ.

მატჩს მსაჯის რანგში ქალი უძღვებოდა – ეკატერინა მონცული. დონეცკელთა შემადგენლობაში არ იყო დათა ხოჭოლავა – საქართველოს ნაკრების მცველი სათადარიგოებში დარჩა. სამაგიეროდ, კიეველთა ძირითად შემადგენლობაში წლეულს პირველად გამოჩნდა 19 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც 76-ე წუთამდე ითამაშა.

ანგარიში 38-ე წუთზე კიეველებმა სწორედ წიტაიშვილის აქტიურობის შედეგად გახსნეს. გიორგის ფლანგური გადაცემის შემდეგ დონეცკელთა კარი ვიტალი ბუიალსკიმ აიღო. თუმცა, ამის შემდეგ „შახტარმა“ უკეთ ითამაშა და მარლოსის დუბლით და მარკოს ანტონიუს გოლით 3:1 მოიგო.

„შახტარმა“ 62 ქულა დააგროვა და უკრაინის პრემიერლიგის ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა, ხოლო კიევის „დინამო“ 46 ქულით კიდევ ორ გუნდთან ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს.