„წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი - შევთანხმდით, რომ მეტად გამკაცრებული რეგულაციებით ახლო პერიოდში შიდა სივრცეებში მომსახურებას შევძლებთ
„წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი - შევთანხმდით, რომ მეტად გამკაცრებული რეგულაციებით ახლო პერიოდში შიდა სივრცეებში მომსახურებას შევძლებთ

„წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გიორგი გოცირიძე საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან დღევანდელ შეხვედრას დადებითად აფასებს.

მისი თქმით, განხილულ საკითხებს შორის ყველაზე პრიორიტეტული იყო რესტორნებში შიდა სივრცეების გახსნა.

გოცირიძის განმარტებით, კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა შეთანხმდნენ, რომ მეტად გამკაცრებული რეგულაციებით ახლო პერიოდში შესაძლებელი იქნება შიდა სივრცეებში მომსახურებაც.

„დადებითად შევაფასებდი დღევანდელ შეხვედრას, მივდივართ პოზიტიური კუთხით. გაჟღერდა რამდენიმე საკითხი, თავისთავად, ყველაზე პრიორიტეტული იყო შიდა სივრცეების გახსნა. არ არის შეთანხმებული თარიღი, კონკრეტულად როდის მოხდება შიდა სივრცეების გახსნა, თუმცა ვისაუბრეთ და შევთანხმდით იმაზე, რომ მეტად გამკაცრებული რეგულაციებით შევძლებთ ახლო პერიოდში შიდა სივრცეებში მომსახურებას. გამკაცრება ეხება იმას, რომ ერთ მაგიდასთან უფრო ნაკლები ადამიანი განთავსდება. თუ აქამდე ექვსი ადამიანი იყო დაშვებული, ახლა იქნება ოთხი, რათა მობილობა უფრო დაბალი იყოს“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.