წინანდალში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება გაიმართა
წინანდალში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოების ცერემონია წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“ გაიმართა.

კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებსა და მცირე მარნებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ. კონკურსის ფარგლებში, დაჯილდოვდნენ საქართველოს დამსახურებული მეღვინეებიც.

ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი დეკემბერში თბილისში გაიმართა.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო. კონკურსზე წარმოდგენილი 87 კომპანიის 200-მდე ნიმუშიდან გამარჯვებული უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა.

საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
„კონკურსის მიზანია, საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში“,- განაცხადა დავითაშვილმა.