წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სასულიერო პირები იმყოფებოდნენ
წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სასულიერო პირები იმყოფებოდნენ

წილკანში, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მშობლების სახლში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მღვდელმსახურებმა არჩილ ტატუნაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

„მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით, მცხეთა-თბილისის რამდენიმე მონასტრიდან, ტაძრიდან დღეს შევიკრიბეთ სამღვდელოება, მოვედით, რათა ნუგეში გვეცა ამ ოჯახისთვის, ადამიანური თანადგომა გამოგვეხატა და გადავიხადეთ პანაშვიდი არჩილის სულის მოსახსენებლად. ღმერთმა აცხონოს მისი სული და გააძლიეროს ამ მძიმე განსაცდელის ჟამს მისი ოჯახი“ – განაცხადა მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის მონასტრის მღვდელმსახურმა დეკანოზმა იაკობ მახიაშვილმა.

რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის გაგზავნილ წერილს, როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ წერილი დაიწერა და გაიგზავნა, მაგრამ რა პასუხია და როგორ განვითარდა მოვლენები, ამის შესახებ არ ვიცი“, – განაცხადა დეკანოზმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზე, რუსეთის პატრიარქ კირილს წერილით გუშინ მიმართა.