WikiLeaks - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯულიან ასანჟს ბრალი საიდუმლოდ წაუყენა
WikiLeaks - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯულიან ასანჟს ბრალი საიდუმლოდ წაუყენა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯულიან ასანჟს ბრალი საიდუმლოდ წაუყენა, – ამის შესახებ WikiLeaks-ი იუწყება.

ინტერნეტპორტალის ცნობით, ამერიკელმა პროკურორებმა სრულიად სხვა საქმის შესწავლის დროს ასანჟის ბრალეულობის დამადასტურებელ საიდუმლო დოკუმენტებს შემთხვევით მიაგნეს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა ბრალი წაუყენეს სკანდალური ინტერნეტპორტალის დამფუძნებელს.

რამდენიმე წლის წინ WikiLeaks-მა ერაყსა და ავღანეთში, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მოქმედების ამსახველი ასობით ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა. სწორედ ამიტომ, ჯულიან ასანჟი შიშობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მას სახელმწიფო საიდუმლოების გაცემაში დაადანაშაულებენ, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, დამნაშავეს სასიკვდილო განაჩენი ემუქრება.

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი 2012 წლის შემდეგ ლონდონში, ეკვადორის საელჩოში აფარებს თავს, რადგან შვედეთმა ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებით მისი დაკავების ორდერი გასცა.

ასანჟის აზრით, შვედეთისთვის მისი გადაცემა საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციით დასრულდება.