#წიგნებისთაროMEDIA - საქართველოს პირველი არხის ახალი აპლიკაცია ახალგაზრდებისთვის

#წიგნებისთაროMEDIA – საქართველოს პირველი არხის ახალი აპლიკაცია ახალგაზრდებისთვის. პროექტის სლოგანია – ასახე აწმყო და შექმენი მომავალი.

ახალგაზრდული სოციალური პროექტის პრეზენტაცია საქართველოს პირველმა არხმა გამართა. პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით გამოავლინოს შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები, როგორც მოსწავლეები, ისე სტუდენტები, ხელი შეუწყოს მათ განვითარებას და მათთან ერთად შექმნას ახალი, თავისუფალი, წიგნიერი, სწავლასა და წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდული მედიასივრცე.

მობილური აპლიკაცია „წიგნების თარო“ (Google Play/App Store), საქართველოს ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ ნებისმიერი საინტერესო ამბავი, რომელიც მნიშვნელოვანია უშუალოდ მათთვის და ასევე მათი თანატოლების ცხოვრებაში, აქტუალურია ქვეყნისთვის და გარშემომყოფი სამყაროს მრავალფეროვნებას ასახავს.

ამბის გაზიარება შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით – ფოტო, ვიდეო, ტექსტი. ყველა პოსტი, რომელიც რედაქციის გადაწყვეტილებით „წიგნების თაროს“ აპლიკაციაში გაზიარდება, ავტომატურად ხდება #წიგნების თაროMEDIA პროექტის მონაწილე. პლატფორმა ყველასთვის თავისუფალია, თუმცა ზოგიერთ კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეუძლიათ.

7 ოქტომბრიდან 16 დეკემბრამდე, 10 კვირის განმავლობაში, „წიგნების თაროს” აპლიკაციაში სხვადასხვა კონკურსი გაიმართება. გამარჯვებული ავტორები კონკურსების შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

პროექტის დასრულების შემდეგ, საახალწლოდ, „წიგნების თაროს“ მე-3 სტუდენტური სეზონის ფინალში გამოვლინდება #წიგნებისთაროMEDIA-ს ექვსი რჩეული – მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლე ან ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტი. რჩეული ავტორები საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ და 2020 წლის იანვრიდან საქართველოს პირველ არხზე ექვსთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სპეციალურ პროგრამას გაივლიან.