„წიგნების თაროს“ მონაწილე ნიკა სვანიძე სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა
„წიგნების თაროს“ მონაწილე ნიკა სვანიძე სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა

წიგნების თაროს პროექტის მონაწილე ნიკა სვანიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ ნაწილობრივ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლა.

ნიკა სვანიძეს ორ მუხლს, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ხულიგნობის ფაქტი არ დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა კი სახეზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა სვანიძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვდა და აცხადებდა, რომ სვანიძე აქციაზე იგინებოდა და არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას, რომ დაეტოვებინა ტერიტორია.

აღნიშნულ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. ადვოკატის, მიხეილ თათარიძის თქმით, ნიკა სვანიძეს არცერთი სახის სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც ამ ფაქტს დაადასტურებს. პროცესზე ადვოკატმა ვიდეომტკიცებულებაც წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ ნიკა სვანიძე აქციაზე ყოფნას დროს არ გამოხატავს აგრესიას და არ იგინება უმისამართოდ. მასალაში ჩანს ასევე მისი დაკავების პროცესიც. პროცესზე მხარეებმა მოწმეებიც დაკითხეს.