ჭიათურელ მაღაროელებს სამედიცინო მომსახურებას საჩხერის კლინიკა გაუწევს
ჭიათურელ მაღაროელებს სამედიცინო მომსახურებას საჩხერის კლინიკა გაუწევს

მთავრობის ადმინისტრაციაში, ჭიათურის მაღაროს მუშებთან დაკავშირებულ საკითხზე მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ხელმძღვანელობდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ სოზარ სუბარმა განაცხადა, ადგილზე გაიხსნება პირველადი დახმარების პუნქტი, სადაც მუშებს გაეწევათ პირველადი ჯანდაცვის მომსახურება და შემდეგ მათ სამედიცინო მომსახურებას უკვე საჩხერის კლინიკა გაუწევს.

„ორი კვირის წინ იყო საბოლოო შეთანხმება ჭიათურაში, როდესაც საქართველოს მთავრობის, კომპანიის წარმომადგენლები, მუშები ყველანი ერთად შეთანხმდნენ გარკვეული პირობების შესრულებაზე. ორი კვირის განმავლობაში იყო პრაქტიკულად ყოველდღიური მუშაობა, როგორც კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც. მოლაპარაკებებში ჩართული იყო თვითმმართველობაც, ჯანდაცვის სამინისტრო და მიდიოდა მუშაობა, თუ როგორ სრულდება შეთანხმების პროცესები. დღეს იყო პირველი შეხვედრა, როდესაც ყველა უწყების წარმომადგენელი ერთად შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა სად ვართ, რა ეტაპზე. ამ ხნის განმავლობაში მოეწყო ტენდერი კვებასთან დაკავშირებით და ცხრა კომპანიიდან გამოიკვეთა სამი კომპანია, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ და უშუალოდ მუშები იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ხელფასებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია, დარჩა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც იყო რომ მუშები იყვნენ უზრუნველყოფილი სათანადო ჯანდაცვით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ადგილზე იქნება პირველადი ჯანდაცვის პუნქტი, სადაც ადგილზე საჭიროების შემთხვევაში დახმარებას ადგილზე გაუწევენ, შემდეგ კი მათ საჩხერის კლინიკა მოემსახურებათ.

„საჩხერის კლინიკა აღჭურვილია უმაღლეს დონეზე, ჰყავს მაღალკვალიფიციური ექიმები. სადაზღვევო კომპანიასთან და საავადმყოფოს მენეჯმენტთან ერთად ვთანხმდებით, რომ მომსახურება იყოს მაქსიმალურად გაადვილებული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჭიათურის მაღაროში არის დასაქმებული. ხელფასის გაზრდას რაც შეეხება, მოლაპარაკება, რომელიც მიღწეულია, შესრულდება აბსოლუტურად ზუსტად და შეიძლება წინსწრებითაც კი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი