წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში სამართალდამცველები და „ყაზტრანსგაზის“ თანაშრომლები მუშაობენ
წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში სამართალდამცველები და „ყაზტრანსგაზის“ თანაშრომლები მუშაობენ

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში სამართალდამცველები და „ყაზტრანსგაზის“ თანაშრომლები მუშაობენ, – ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სპეციფიკური სუნის გამო, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, გადაწყვეტილება მიიღეს, შენობა დაეტოვებინათ.

„დილას სუნი ვიგრძენით სველი წერტილებიდან და მაშინვე დავრეკეთ ყველა შესაბამის უწყებაში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მშობლებისთვის დაგვერეკა. ბაღებში არანაირ ქიმიურ ნივთიერებას არ ვიყენებთ, რომ ალერგია არ გამოიწვიოს. დაახლოებით აცეტონის სუნი იყო. არ ვიცით, რისი ბრალია. მოწამვლა ან ალერგია რომ არ გამოეწვია, გადავწყვიტეთ, დაგვეცალა ბაღი. გამოვიძახეთ „ყაზტრანსგაზი“. თავი დავიზღვიეთ, რადგან გაზი დამხმარე შენობაშია დამონტაჟებული, ხოლო უშუალოდ ბაღის შენობა თბება ცენტრალური გათბობით“, – განაცხადა მე-15 საბავშვო ბაღის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფება ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძეც.

წერეთლის გამზირზე მდებარე მე-15 საჯარო ბაღში ევაკუაცია ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. როგორც პირველ არხს მშობლებმა აცნობეს, დილიდან შეინიშნებოდა სპეციფიკური სუნი. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სუნი მილების გაწმენდით იყო გამოწვეული, თუმცა მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, მშობლებს შენობიდან ბავშვები გაეყვანათ.