წელს ყველაფერი სხვანაირია, ის რეკლამებიც კი, რომელთა გარეშე შობა-ახალი წელი არ დგებოდა
წელს ყველაფერი სხვანაირია, ის რეკლამებიც კი, რომელთა გარეშე შობა-ახალი წელი არ დგებოდა

შობა-ახალი წელი ყველასთვის სიახლესთან, იმედთან, ახალ ცხოვრებასთან, ბედნიერებასთან და საყვარელ ადამიანებთან ასოცირდება.

ბევრი ტკბილეული, უახლოესი ადამიანების გარემოცვა, სადღეგრძელოები — ამ დღესასწაულების ტრადიციული, აუცილებელი შემადგენელი ნაწილია მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე.

კორონავირუსის პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და 2020 წელი თანამედროვე ადამიანის მეხსიერებაში ისეთ წლად აქცია, რომლის გახსენებაც ალბათ არასოდეს მოგვინდება.

შობა-ახალ წელს ყოველთვის ახლავს მსოფლიო ბრენდების განსაკუთრებული, შთამბეჭდავი სარეკლამო კლიპები, რომელთა გარეშე ბევრისთვის არც ახალი წელს აქვს ხალისი და არც შობას, რადგან ასე გვახსოვს ბავშვობიდან. თუმცა, კორონავირუსმა წელს ეს ტრადიციაც შეცვალა და ასეთი სარეკლამო კლიპები ამჯერად რადიკალურად განსხვავებულია, უფრო საზოგადოების განწყობასა და შეგულიანებაზე ორიენტირებული.

წარმოგიდგენთ ამ დროისთვის გამოსულ რამდენიმე ასეთ საშობაო რეკლამას მსოფლიო ბრენდებისგან, რომლებიც განსაკუთრებული სითბოს, შეგულიანებისა და ოპტიმიზმის გამო, უკვე მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

კოკა-კოლა


მიუხედავად იმისა, რომ „კოკა-კოლას“ ყველასათვის ცნობილი კლიპის გარეშე ბევრისთვის შობა-ახალი წელი უბრალოდ არ დგება, კომპანია წელს იძულებული გახდა, ცოტა სხვაგვარად მოქცეულიყო. კლიპი მოგვითხრობს ღია ზღვაში მომუშავე მამაკაცის გულისამაჩუყებელ ამბავს, რომელმაც თავის ქალიშვილს სანტასთან წერილის წაღების პირობა მისცა. ამისათვის, ის სამსახურს ტოვებს და სანტასთან მიეშურება.

მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, ის საბოლოოდ სანტასთან მიაღწევს და ქალიშვილის საშობაო სურვილების წერილს აბარებს.

მაკდონალდსი


თუ თქვენ ის მშობელი ხართ, რომელსაც სადღესასწაულო სიხარულის მინიჭება გსურთ უემოციო თინეიჯერისთვის, „მაკდონალდსის“ რეკლამა ალბათ ზუსტად სუსტ წერტილზე დაგარტყამთ. მოზარდი ბიჭი მუდმივად უგულველყოფს დედის მცდელობას, რომ ის გაამხიარულოს. საბედნიეროდ, დედას ბოლოს ყველაფერი გამოუვა და კლიპი უბრალოდ გულს გაგითბობთ.

John Lewis & Partners

კლიპი, რომელსაც საშობაოდ მთელი ბრიტანეთი მოუთმენლად ელოდება, მაგრამ წელს აქაც ყველაფერი სხვაგვარად არის. საცალო ვაჭრობის გიგანტი კომპანიის განცხადებით, ისინი ამჯერად შეეცადნენ, წარმოეჩინათ კორონავირუსის პანდემიის დროს ბრიტანეთის საზოგადოების მიერ გამოჩენილი გულკეთილობა.

კლიპში აღწერილია ორი პატარა ბიჭის ამბავი, რომლებიც ერთმანეთს ხიდან ბურთის ჩამოგდებაში ეხმარებიან. რეკლამა მაყურებელს ერთმანეთისთვის თუნდაც მცირე სიკეთის კეთებისკენ უბიძგებს.

დისნეი


„დისნეის“ წლევანდელი საშობაო კლიპი უბრალოდ აგატირებთ. 1940-იან წლებში პატარა ლოლას მიკი-მაუსი აჩუქეს. მას შემდეგ, ეს სათამაშო მის შთამომავლობას გადაეცემოდა ბავშვობის სიმბოლოდ.

თუმცა, ლოლას საკუთარ შვილიშვილთან გაუცხოების მომენტი დაუდგა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი შვილიშვილსაც აღელვებდა, რომელმაც მოხუც ბებიას მისი ბავშვობის მიკი-მაუსის განახლებული თოჯინა ხელახლა აჩუქა. დანარჩენი ემოცია უბრალოდ უნდა ნახოთ!

ამაზონი


„ამაზონმა“ წელს საკმაოდ თამამი ნაბიჯი გადადგა და თავის საშობაო რეკლამაში პირდაპირ COVID-19-ის პანდემიას შეეხო.

ორწუთიანი კლიპი, სახელად „შოუ უნდა გაგრძელდეს“, მოგვითხრობს ახალგაზრდა ბალერინას შესახებ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საშობაო დადგმაში მთავარი როლი მიეღო, მაგრამ… შოუ მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების გამო გაუქმდა.

თუმცა, ოჯახის (და „ამაზონის“) დახმარებით, გოგონა დადგმის მთავარი როლით მაინც წარდგა, ოღონდ – საკუთარი მეზობლების წინაშე.

დატოვე კომენტარი