ტრამპი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩევლის, გენერალ ჰერბერტ მაკმასტერის გათავისუფლებას გეგმავს
ტრამპი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩევლის, გენერალ ჰერბერტ მაკმასტერის გათავისუფლებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩევლის, გენერალ ჰერბერტ მაკმასტერის გათავისუფლებას გეგმავს, თუმცა აღნიშნულ ნაბიჯს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ არ გადადგამს. ამის შესახებ გამოცემა The Washinton Post-ი წერს.

როგორც ამერიკული გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, დონალდ ტრამპი მაკმასტერის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორის არიან გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი და ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს შტაბის ხელმძღვანელი კიტ კელოგი.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელს ჯონ კელის უკვე აცნობა, რომ მაკმასტერის შეცვლას გეგმავს.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ პრეზიდენტსა და მის მრჩეველს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ, ხოლო ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.