წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას
წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფას

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ისრაელისთვის 26,4 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფის კანონპროექტს დაუჭირა მხარი.

კანონპროექტი ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებებს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემების შევსებას ითვალისწინებს.

კონკრეტულად, დახმარების პაკეტიდან ოთხი მილიარდი სარაკეტო თავდაცვის სისტემებისთვის იქნება გამოყოფილი, ხოლო 1,2 მილიარდი დოლარი Iron Beam-ის ტიპის თავდაცვის სისტემისთვის. ამასთან, დახმარების პაკეტი გულისხმობს 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობის მოწინავე იარაღის სისტემებისა და სხვა ნივთების შესყიდვას საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის მეშვეობით. პაკეტიდან 9.2 მილიარდი დოლარი გამოყოფილია ჰუმანიტარული დახმარებისთვის, კერძოდ, საკვებისთვის, თავშესაფრისა და ძირითადი სერვისებისთვის, რომელიც მოსახლეობისთვის გამოყოფილი იქნება კრიზისულ დროს.

დღეს მიღებული კიდევ ერთი კანონპროექტი გულისხმობს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის 8.1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას, რომელიც ძირითადად განკუთვნილია რეგიონში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად, განსაკუთრებით ტაივანის წინააღმდეგ.

ასევე, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კიდევ ერთი კანონპროექტით სანქციები უწესდებათ პორტებსა და გადამამუშავებელ ქარხნებს, რომლებიც იღებენ და ამუშავებენ ირანულ ნავთობს. შეიზღუდება ირანში ამერიკული წარმოშობის საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი.