წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელების მიმართ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება გაუქმდება და საპრიზო ფონდის მხოლოდ 10 პროცენტის გადახდა მოუწევთ
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელების მიმართ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება გაუქმდება და საპრიზო ფონდის მხოლოდ 10 პროცენტის გადახდა მოუწევთ

წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელების მიმართ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება გაუქმდება და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტს გადაიხდის.

შესაბამისი ცვლილებები „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც მთავრობამ პარლამენტს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის სახით წარუდგინა.

მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართულ თამაშობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (ყოველკვარტალური) შეადგენს 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, მათ შორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაშიც და ადგილობრივი თვითმმართველობები, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგენენ ოდენობებს მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე.

„არსებული კანონმდებლობით, წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, ორგანიზატორი ვალდებულია, მოსაკრებლის სახით გადაიხადოს, როგორც საპრიზო ფონდის 10 პროცენტი, ასევე მოსაკრებელი, რომელიც დაწესებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისთვის (250 000 ლარიდან 300 000 ლარამდე).

სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის გამართვისთვის დაწესებული მოსაკრებლის განაკვეთი არ არის ადექვატური წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ წამახალისებელი გათამაშების ეტაპი ხშირ შემთხვევაში მოიცავს რამდენიმე კვარტალს, ორგანიზატორი ყოველთვის თავს არიდებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით გათამაშების მოწყობას და მისი ელექტრონული ფორმიდან მატერიალურ ფორმაზე გადატანა ხდება.

გარდა ამისა, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორი, ვალდებულია საგადასახადო ორგანოში ყოველ კვარტალურად წარადგინოს დეკლარაცია არაუგვიანეს მომდევნო კვარტლის 15 რიცხვისა და გადაიხადოს შესაბამისი მოსაკრებელი. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული დეკლარაციის წარდგენა და შესაბამისი მოსაკრებლის გადახდა, დამოკიდებულია ნებართვის მფლობელის კეთილ ნებაზე. ხშირ შემთხვევაში არასწორად და არასრულად ხდება მოსაკრებლის გადახდა და დეკლარაციის წარდგენა. შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ ხორციელდება აღნიშნულის კონტროლი“, – განმარტავს მთავრობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობა აღნიშნავს, რომ ცვლილებების გათვალისწინებით, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში, გადაიხდის მხოლოდ საპრიზო ფონდის 10 პროცენტს.